ბეჭდვა
კარიპაზიმი(KARIPAZYM)


რეგისტრაციის ნომერი: #რ/#R-002085

სავაჭრო დასახელება:
კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი – KARIPAZYM

წამლის ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად (ფლაკონი #1).

შემადგენლობა:
მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A , ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი - ლიზოციმი.

აღწერილობა:
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური საშუალება.
ათქ-კოდი: [D03B]

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გარეგანი პროტეოლიზური საშუალება. პრეპარატი შლის დანეკროზებულ ქსოვილებს და ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებსა და სისხლის კოლტებს ათხიერებს. მოქმედებით გავს ქიმოტრიპსინს და ტრიპსინს.

ფარმაკოკინეტიკა:
გარეგანი ხმარებისას პრეპარატი არ შეიწოვება და არ გააჩნია ორგანიზმზე სისტემური ზეგავლენა. კარიპაზიმში შემავალი ფერმენტები იშლებიან და მთლიანად ბიოტრანსფორმირდებიან ღვიძლში.

გამოყენების ჩვენებები:
ქირურგიაში - III ხარისხის დამწვრობები ფუფხის მოცილების დასაჩქარებლად და ჭრილობებში გრანულაციური ქსოვილის გასასუფთავებლად ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან;
ნევროლოგიაში - ხერხემლის ოსტეოქონდროზი, როგორიცაა მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქრები და დისკოგენური რადიკულიტები, შმორლის თიაქარი, აგრეთვე თითების პოსტტრავმატული კონტრაქტურები, სხვადასხვა წარმოშობის კელოიდური ნაწიბურები, მსხვილი სახსრების ართროზო-ართრიტები, მხარისა და ბეჭის პერიართრიტი, ცერებრალური (მათ შორის ოპტოხიაზმური) და სპინალური არაქნოიდიტები, სახის ნერვის ნევრიტი;
სტომატოლოგიაში - ქრონიკული პერიოდონტიტები, პულპიტები, გინგივიტები, პაროდონტოზები, აფთოზური და წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტები.

გამოყენების წესი და დოზები:
დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებში კარიპაზიმს იყენებენ ხსნარების სახით, კონცენტრაციით 17,5 პე/მლ, 35პე/მლ და 70 პე/მლ ფუფხის სისქის შესაბამისად. ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5% ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ. ერთდროულად სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 30% ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ერთხელ ორ დღეში ან დღე-ღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4 - 12 დღე.
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და ა.შ. დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით * შეჰყავთ.
სტომატოლოგიაში , ქრონიკული პულპიტების შემთხვევაში კბილების ფესვის არხი კარიპაზიმის ხსნარით ირეცხება, რისთვისაც 1 ფლაკონის შიგთავსი 5-10 მლ გამოხდილ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება. ქრონიკული პერიოდონტიტების შემთხვევაში აწარმოებენ ფესვების არხების გამორეცხვას და შიდაარხულ ელექტროფორეზს (3-5 სეანსი) კარიპაზიმის 35პე/მლ - 70პე/მლ ხსნარით. არხში ტოვებენ ამავე ხსნარით გაჟღენთილ ტამპონს 3-4 დღით. გინგივიტების, პაროდონტიტების, აფთოზური სტომატიტების, ტრავმატული ეროზიების და წყლულების შემთხვევებში აკეთებენ ადგილობრივ აპლიკაციას 15-20 წუთის განმავლობაში (4-10 პროცედურა).
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პირობებში.

გვერდითი მოქმედება და სიფრთხილის ზომები:
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და სხეულის ტემპერატურის მატებით გამოიხატება; ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.

წინააღმდეგ ჩვენებები:
პრეპარატისადმი მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში აგრეთვე, დისკოს თიაქარის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).
დოზის გადაჭარბება:
არ არის გამოვლენილი.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე.

გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი, 350 პროტეოლიზური ერთეული (პე) აქტივობით, რეზინის საცობებით თავდახურულ და ალუმინის ჩაჩებით მოხუფულ ფლაკონებში. თითოეული ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C –დან + 8°C -მდე ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.

გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ექიმის რეცეპტით, ინსტრუქციის შესაბამისად).

მწარმოებელი:
სსიპ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მისამართი: საქართველო, თბილისი, 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36.


* დანართი: კარიპაზიმის გამოყენება ელექტროფორეზული მეთოდით.

კარიპაზიმის გამოყენება ელექტროფორეზული მეთოდით
(კარიპაზიმის გამოყენების ინსტრუქციისათვის)

ელექტროფორეზული მეთოდით კარიპაზიმი მხოლოდ დადებითი პოლუსიდან შეჰყავთ.
I. კარიპაზიმის ელექტროფორეზი ხერხემლის არეში ოსტეოქონდროზის და დისკოგენური რადიკულიტის შემთხვევებში:
მკურნალობა საკურსოა - 3 კურსი (1 კურსი -20-30 პროცედურა). დასაშვებია 1-2 დღიანი შესვენება პროცედურებს შორის. განმეორებითი კურსები -30-60 დღის შემდეგ.
უშუალოდ პროცედურის წინ კარიპაზიმის ფლაკონში შეაქვთ 5-10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი და 1-2 წვეთი დიმექსიდი. მიღებული ხსნარით ასველებენ ელექტროდის საფენებზე მოთავსებულ ფილტრის ქაღალდს, საფენის ზომებია:
10 ხ 15სმ ან 15 ხ 20სმ.
საფენების განლაგების ვარიანტები:
გასწვრივად:
ა) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
ეუფილინი წელის არეში(-)
ბ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
ეუფილინი მხარის არეში (-)
გ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)
ეუფილინი ორივე მხარზე ორკაპა ელექტროდით (-)
დ) კარიპაზიმი წელის არეში (+)
ეუფილინი საჯდომი ნერვის გამოსვლის წერტილში (-)
(ბარძაყის უკანა ზედაპირი)
ე) კარიპაზიმი წელის არეში (+)
ეუფილინი ბარძაყების არეში ორკაპა ელექტროდით (-)
განივად:
ვ) კარიპაზიმი წელის არეში (+)
ეუფილინი მუცლის არეში (-).
საფენების ტემპერატურა 37 -39°ჩ (წყლის თერმომეტრით მოწმდება). დენის ძალა 10-15 მილიამპერი (თანდათანობით უნდა გაიზარდოს).
ექსპოზიციის დრო - 10 დან 20 წუთამდე (თანდათანობით უნდა გაიზარდოს).
მოცემული პარამეტრების დაცვა აუცილებელია: წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.
პროცედურის შემდეგ წამლის შეყვანის ადგილზე კანი თბილი საპნიანი წყლით უნდა ჩამოირეცხოს.
შესაძლებელია კარიპაზიმისა და ლითიუმის ქლორიდის (3%-იანი ხსნარი) ერთდროული შეყვანაც ელექტროფორეზით. ამ ვარიანტში წამლებს ერთსა და იმავე საფენებზე ათავსებენ, მაგრამ პრეპარატებით ცალ-ცალკე უნდა იქნეს გაჟღენთილი
ფილტრის ქაღალდები. შეყვანის პირობები იგივეა, მაგრამ ლითიუმის გამოყენება ვოლტარენით მკურნალობის პირობებში არ შეიძლება.

II. კარიპაზიმის ელექტროფორეზი კელოიდური ნაწიბურების არეში:
ა) კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)
ეუფილინი ან კალიუმის იოდიდი საწინააღმდეგო ზედაპირზე, ე.ი. განივად (-).
ბ) კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)
ეუფილინი - გასწვრივად პირველი საფენიდან 15-20 სმ მოშორებით (-).

III. კარიპაზიმის ელექტროფორეზი სახის ნევრიტების ზოგიერთი ფორმის დროს:
დენის ძალა 1-დან 5 მილიამპერამდე.
კარიპაზიმი სახეზე ბერგანიეს ნახევარნიღაბის სახით (+)
ეუფილინი ბეჭთაშუა არეში ან საპირისპირო მხარზე (-).

IV. კარიპაზიმის ელექტროფორეზი თავის ტვინის არაქნოიდიტის (მათ შორის
ოპტოხიზმალურის) სამკურნალოდ:
კარიპაზიმი ენდონაზალურად (+)
ეუფილინი ხერხემალზე გულმკერდის ზემო განყოფილებაში (-).
ანოტაციის მომწოდებელია:
ჯი–პი–სი



გეომაგნიტურობა
2012 (c) tsamali.ge
ყველა უფლება დაცულია
დაგვიკავშირდით
გაფრთხილება!!!
საიტზე არსებული ინფორმაცია არ არის თვითმკურნალობის საფუძველი! ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. საიტის ადმინისტრაცია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს თქვენს მიერ სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე.